Tuesday, December 11, 2012

ელისაბეთ ბიშოპის ,,ჯერონიმოს სახლის" მანანა მათიაშვილისეული თარგმანის განხილვა







ელიზაბეტ ბიშოპი
ჯერონიმოს სახლი

ჩემი სახლი, ჩემი სასახლე,
ზღაპრული თანაც,
ერთი უბრალო ფიცრულია 
მალემტვრევადი.
კრაზანების ეს ჩემი ბუდე,
სულ ერთად სამი ოთახია,
ფურთხით გადაბმულ დაღეჭილი ქაღალდებისგან
აშენებული.

ჩემს ბინას, სიყვარულის ამ ჩემს საბუდარს,
რაც თავი მახსოვს,
ზონარივით ვიწრო ფიცრის 
ვერანდა აკრავს
და ალამაზებს საწმენდ ღრუბლებში 
ჩარგული გვიმრა,
წინა ოთახს კი - 
წინა შობიდან შემორჩენილი

წითელ-მწვანე
მოსართავები
კუთხეებიდან
დაშვებული 
ოთახის ცენტრში
ზედ პატარა მაგიდის თავზე.
ჩემი მაგიდა მოწნულია,
ლურჯად ნაღები,

ოთხი ლურჯი სკამიც აქ დგას
და ასევე თოთო ბავშვების 
გასართობი 
ვარცლი ათი დიდი მძივის ბურთულით.
შემდეგ კედლებზე: 
პალმის ფოთლის 
ორი მარაო
და კალენდარი.

მაგიდაზე კი
ერთი თევზი 
შემწვარი და შემზადებული
მწველ ალისფერ საკმაზთან ერთად,
პატარა თეფშით 
სიმინდის ფაფა,
და ასევე
ოთხი ბრჭყვიალა ქაღალდის ვარდი.

კაუჭზე მაქვს დაკიდებული
ერთი საკრავი - 
ძველი ფრანგული საყვირია
ალუმინის საღებავით გადაღებილი.
ყოველწლიურად 
საყვირზე ვუკრავ
ხოსე მარტის ხსოვნისადმი
მიძღვნილ აღლუმზე. 

ღამღამობით 
ჩემი სახლი მიტოვებული
გეგონებათ.
ახლოს მოდით. თქვენ
დაინახავთ და გაიგონებთ
საწერ ქაღალდზე 
შუქის ზოლებს
და
რადიოს ხმას

ფლამენკო ისმის
ჩემს რადიოში
ლატარიის ნომერთა შორის. 
და საცხოვრებელს როცა ვიცვლი
თან მიმაქვს მხოლოდ ეს ნივთები,
სხვა - არაფერი.
მიმაქვს აქედან - ქარტეხილისგან
თავშესაფარი ჩემი სახლიდან.







ჯერონიმოს სახლი

თუ თანამედროვე ქართული თარგმანის ტენდენციებს თვალს გადავავლებთ, შევნიშნავთ, რომ ერთ-ერთი აშკარად გამოკვეთილი მისწრაფება ე.წ. ,,ქალურ პოეზიაზე” ყურადღების გამახვილებაა. უცხოელი ქალი ავტორები ქართველი მთარგმნელებისა და მკითხველების სულ უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას იწვევენ _ ამას, რასაკვირველია, თავისი მიზეზებიც აქვს, რომელთა ძიება ახლა მეტისმეტად დაგვაშორებდა ჩვენი კვლევის ძირითად მიზანს, ოღონდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ სინამდვილეში არსებობენ ქალ-ავტორთა და მათ ქალ (ძირითადად)-მთარგმნელთა ,,განუყრელი” წყვილები, მათგან ერთ-ერთი არის მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი პოეტი ელისაბედ ბიშოპი და მისი მთარგმნელი მანანა მათიაშვილი. უკვე ათი წელი მაინც იქნება, რაც მანანა ბიშოპის პოეზიას თარგმნის, აქვეყნებს ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტ გამოცემებში და საკმაო მოწონებითაც სარგებლობს _ ამის წარმოსაჩენად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ 2010 წელს მან გამომცემლობა ,,დიოგენეს” მიერ ორგანიზებულ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში გაიმარჯვა და ეს გამარჯვება სწორედ ელისაბედ ბიშოპის ლექსებმა: ,,ბენზინგასამართი სადგური”, ,,ყურე” და ,,North Haven” მოუტანა. ასევე ელისაბედ ბიშოპია ავტორი ლექს ,,თევზისა”, რომელიც, ჩემი აზრით, მანანა მათიაშვილის, როგორც მთარგმნელის, საუკეთესო ნამუშევარია. თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას ,,ტანდემის” უკანასკნელ პროდუქტს, ,,ჯერონიმოს სახლს”, მივაპყრობ.
ვინაიდან ამჯერად მსჯელობა მიწევს ნამუშევარზე პროფესიონალი თარგმანმცოდნისა და მთარგმნელისა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობა ტექტს და საკუთარი მტკიცედ ჩამოყალიბებული მთარგმნელობითი კონცეპციაც გააჩნია, მექნება ფუფუნება, ზედაპირული და თვალშისაცემი შეცდომების განხილვის ნაცვლად ვისაუბრო უფრო სიღრმისეულ მოვლენაზე _ მთარგმნელის მიერ ზუსტი აზრობრივი და ემოციური ლექსიკური ეკვივალენტის მოძებნის საკითხზე. თუმცა აქვე აღვნიშნავ ერთ მცირეოდენ გრამატიკულ ლაფსუსს, რაც ასე დამახასიათებელია ზოგადად ქართული თარგმანებისათვის _ ვგულისხმობ ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელისათვის ბრუნვის ნიშნისეული –ი-ის ჩამოკვეცას, იმისთვის, რომ სტრიქონი ლექსის საერთო რიტმიდან არ ამოვარდეს:
,,. . . ფურთხით გადაბმულ დაღეჭილი ქაღალდებისაგან
აშენებული”
ჩემი აზრით, ამგვარი პოეტური ლიცენციები თარგმნში მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, ვინაიდან თარგმანი შემოქმედებითთან ერთად ლინგვისტური მოვლენაცაა. ახლა კი მთავარს მივხედოთ:
,,ჯერონიმოს სახლი” აღწერითი პოეზიის ნიმუშია _ ელისაბეთ ბიშოპი მოკლემარცვლიანი, ერთი შეხედვით, თითქოსდა ,,დაუდევარი”, ფრაგმენტული სტრიქონებით, ნეიტრალური ლექსიკით, აღწერს სრულიად უბრალო ხის სახლის ინტერიერს _ ლექსს აქვს მძლავრი ქვეტექსტი _ ამ სახლის მაცხოვრებელთა იდილიური, ბედნიერი ყოფა _ ამგვარ ღარიბულ სამყოფელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ისაუბრო ასეთი დაწვრილებით, თუ მის კედლებში მყუდრო თავშესაფარი იპოვე _ ,,My shelter from the hurricane”  (ჩემი ნავსაყუდელი გრიგალისაგან) _ ფინალური სტრიქონი ამჟღავნებს ქვეტექსტს. მთარგმნელის აუცილებელი ამოცანაა მოახერხოს, რომ ლექსში ქართულ ენაზედაც შესაძლებელი იყოს ორიგინალის ქვეტექსტის აღქმა, რისთვისაც, ჩემი აზრით, საჭიროა ტექსტში რამდენიმე ემოციური, თბილი კონოტაციის მქონე სიტყვის ანდა ფრაზის ჩართვა. თუმცა მანანა მათიაშვილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს, იგი მაქსიმალურად ნეიტრალურ, სპეციფიკურ ჟღერადობას მოკლებულ ლექსიკას ამჯობინებს. გამონაკლისია ერთადერთი ფრაზა:
,,შემწვარი და შემზადებული
მწველ ალისფერ საკმაზთან ერთად”.
მთარგმნელმა სიტყვა ,,sauce“ გადმოიტანა, როგორ ,,საკმაზი” _ სიტყვა ,,საკმაზი” ქართულ ენაში ასოციაციურად დაკავშირებულია ეროვნულ კერძებთან და როგორც წესი, მასში იგულისხმება გამხმარი მწვანილი, უცხო სუნელები, დანაყილი მარილი და ნაციონალური სამზარეულოსათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში შემწვარ თევზთან ნაკლებადაა დაკავშირებული. მთარგმნელს შეეძლო გამოეყენებინა შესატყვისი ,,საწებელი” _ თევზი ალისფერი საწებლით _ უკვე ძალიან თვალსაჩინო და იოლად აღსაქმელი სახეა. თუ ,,საწებელი” მარცვალთა რაოდენობის გამო არ ეტეოდა სტრიქონში, მაშინ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა ,,სოუსი”, რომელიც ქართულ ენაში საკმაოდ დამკვიდრებული სიტყვაა და გარდა ამისა, ლექსს უნარჩუნებს ე.წ. ,,უცხოურ”, ეგზოტიკურ ელფერს. ამ მონაკვეთში ასევე შეუსაბამოდ მიმაჩნია ,,burning”-ის ეკვივალენტად ,,მწველის” მოძებნა, თუმცა მათ შესატყვისობას ნებისმიერი ლექსიკონი დაგიდასტურებთ, მაგრამ ,,burning sauce” ქართულად აუცილებლად ,,ცხარე საწებელი”, თუ გნებავთ, ,,ცხარე სოუსი” იქნება.
კიდევ ერთი ლექსიკური ერთეული, რომლის აღქმაც მკითხველის ყურს უჭირს, არის განსაზღვრება ,,მალემტვრევადი“. აღარ მოვყვები ყველასთვის ცნობილ მსჯელობას, თუ როგორ ვერ შეითვისა ქართულმა ენამ ვნებითი გვარის მეშვეობით წარმოებული მიმღეობები. ლინგვისტური პრობლემატიკის გვერდისავლით თარგმანმცოდნეობითს დავუბრუნდები და დავსვამ საკითხს, თუ როგორ შეეძლო ტექსტისაგან ოდნავი დაშორებით მეტი სიზუსტისთვის მიეღწია მთარგმნელს, თუ არ ეცდებოდა ინგლისური მიმღეობის ,,perishable” ქართულად მაინცდამაინც მიმღეობითვე გადმოტანას და მისთვის, გრამატიკულად უფრო დაშორებულ ეკვივალენტს მოძებნიდა. ვთქვათ:
,,ერთი უბრალო ფიცრულია,
მყიფე კედლებით”
ანდა
,,ერთი უბრალო ფიცრულია,
კედლებფუტურო.”
და ა.შ.
დედნისეული მონაკვეთი:
,,. .  and four blue chairs
and an affair
for the smallest baby
with a tray
with ten big beads. . .”
 ქართულად მთარგმნელმა ასე გადმოიტანა:
 ,,ოთხი ლურჯი სკამიც აქ დგას
და ასევე თოთო ბავშვების
      გასართობი
ვარცლი ათი დიდი ბურთულით.”
საკამათოა, თუ რა მნიშვნელობით შეიძლება იყოს ამ კონტექსტში ,,affair“ _ ალბათ უფრო მნიშვნელობით ,,რამ” _ სავარაუდოდ, იგულისხმება პატარა საბავშვო სკამი, წინ სადგარით, რომელზედაც ბურთულებია ჩამოკიდებული. ,,ვარცლი”, ლექსიკონების მიხედვით,  ცომის მოსაზელად განკუთვნილ ხის ჭურჭელს ანდა მომცრო ნავს თუ სააბაზანო ჭურჭელს ნიშნავს და მისი გამოყენება თოთო ბავშვის სადგარიანი სკამის მნიშვნელობით, სავარაუდოდ, გაუგებარი რეალია იქნება ქართველი მკითხველისათვის.
ასევე რამდენადმე გაუგებარი რეალიაა:
,,და ალამაზებს საწმენდ ღრუბლებში
ჩარგული გვიმრა”
თუმცა, ამ შემთხვევაში, თვითონ სახე, სახეხ ღრუბლებში გვიმრის ჩარგვის ტრადიციაა, არცთუ გავრცელებული ჩვენში და მაშასადამე, ნაკლებად ცნობილია ქართველი მკითხველისათვის და მთარგმნელს არაფერი შეეძლო ეღონა (გარდა, ვთქვათ, გამარტების დართვისა) ამ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად.
მანანა მათიაშვილმა ამ ლექსზე მუშაობისას სტრატეგიად დედანთან მაქსიმალური სიახლოვე აირჩია _ იგი ცდილობს, ორიგინალის არც ერთი ლექსიკური ერთეული არ დატოვოს ყურადღების გარეშე, აქ ერთმანეთს ერწყმის ლექსიკური და სინტაქსური სიზუსტის ნიმუშები _ სიტყვები არამხოლოდ რაც კი შესაძლებელია, ყველაზე ზუსტი ეკვივალენტებითაა ჩანაცვლებული, არამედ მათი თანმიმდევრობაც კი ახლოა დედანთან, რაც ზოგჯერ ქართული ენის ბუნებას აშორებს თარგმანს:
,,წინა ოთახს კი
წინა შობიდან შემორჩენილი
წითელ-მწვანე
მოსართავები
კუთხეებიდან
დაშვებული
ოთახის ცენტრში
ზედ პატარა მაგიდის თავზე.”
ალბათ, თარგმანში არ არის მიუღებელი ლექსში სტრიქონების გადაადგილება, თუკი ეს მეტად დაახლოვებს ლექსს მეორე ენის ბუნებას და მაშასადამე, მეტ ბუნებრივობასა და სიცოცხლისუნარიანობას მისცემს მას.
მკითხველს შეიძლება დასჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ამ მშვენიერ თარგმანში ვერც ერთი დადებითი ნიუანსის პოვნა ვერ შევძელი. უბრალოდ, ექსპერიმენტის მიზანი იყო, ყურადღება გაგვემახვილებინა ვის-à-ვის-ის ნამუშევრის სუსტ მხარეებზე, რათა შეგვექმნა პრეცედენტი ჯანსაღი მეცნიერული კრიტიკისა და პრეცედენტი ამ კრიტიკის ჯანსაღად მიღებისა _ გამოვთქვამ იმედს და სრულ მზადყოფნას მომავალში ამგვარი ექსპერიმენტების უფრო ფართო მასშტაბებით გასაგრძელებლად.

No comments:

Post a Comment