კომპლიმენტი პირველი
მამაჩემს სამი სასასთუმლე წიგნი ჰქონდა და ყოველ ღამე, ძილის წინ ერთ-ერთს კითხულობდა. ერთმანეთზე ეწყო: ქვეშ ,,ბიბლიის" დიდი წითელი გამოცემა, მასზე ,,დონ-კიხოტის" გაცრეცილი და გაქუცული პირველი ტომი (მეორე ტომი დიდად არ უყვარდა) და სულ ზევიდან ,,სამოსელი პირველი" _ მწვანე, კაცამოტვიფრული. ეს კაცი მამაჩემი იყო _ მაღალი, თხელი და სივრცეში გამოკიდებული. და სულ არ მიკვირდა, რა უნდოდა მამაჩემს წიგნის ყდაზე _ ძალიანაც უნდოდა!
პირველი წიგნი ძალიან რთული ენით ეწერა და ბევრ შეკითხვას ვუსვამდი, მეორეს რთული შინაარსი ჰქონდა და ვერ ვიგებდი, მამას კი ჭირივით სძულდა წიგნების ახსნა, მესამე შემაყვარა. ორი წელი ვლაპარაკობდით ამ წიგნზე _ თავიდან ბოლომდე რამდენჯერმე განგვიხილეთ. ყველა საკითხზე მოგვისწრია საუბარი გამოდის.
ერთხელ ნათესავების სოფელში მაჩვენა სახლი _ ეს დოჩანაშვილის ცოლისაა, ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმეო. მერე, ვესტუმროთ-მეთქი. არ მინდაო; მირჩევნია ისე ვიცნობდე, როგორც ვიცნობო. ნეტა ეგ რას ნიშნავს-თქო, გავიფიქრე, მახსოვს.
დოჩანაშვილს რომ მაინც ვესტუმრე, მამა სამი წლის გარდაცვლილი იყო უკვე. ჩემი ქართულის მასწავლებელთან ერთად მივედი. დამთრგუნველად ღარიბული და ცივი ოთახის შუაგულში სავარძელი იდგა, სავარძელთან _ ღვინის დოქი, სავარძელში კიდევ ერთი მაღალი და თხელი, სივრცეში გამოკიდებული კაცი იჯდა. ზრდილობიანად მისალმება მოვასწარი და ტირილი წამსკდა. ჯერ მის წიგნებზე ვლაპარაკობდით; თქვენ შორის მასწავლებელი ნამდვილად ეს ქალბატონიაო, გაუკვირდა. მერე მე მამაზე ვუყვებოდი, ის _ შვილზე, ირაკლიზე; ის განუწყვეტლივ სვამდა, მე განუწყვეტლივ ვტიროდი. თუ ამდენ ტირილს აპირებდი, მარტო ერთი ცხვირსახოცი წამოიღეო, ესეც გაუკვირდა. ხელზეც მეამბორა და მითხრა, შეიმშრალე ეგ შენი ლამაზი თვალის უპეებიო.
მეცხრე კლასში ვიყავი. სქელი, მწვანე ქურთუკი მეცვა და მსოფლიოში თუ არა, კლასში ყველაზე უშნო მეგონა თავი.
თვალის უპეები რაღაა, არც არაფერი; მაგრამ თითქოს პრაქსიტელე ჩამვარდნოდეს მუხლებში _ გამოგაქანდაკებო, ისე ვიგრძენი უეცრად თავი. ასე წარმოიდგინეთ, თვით ზვიად წიკლაურის კომპლიმენტიც კი ვერ გამახარებდა ასე. ეგ ვინღააო, მკითხავთ. მაშინ გეკითხათ, აბა!
ჰოდა, ტირილი მერე გენახათ _ ბოლო რეჟისორული კადრი კი ჩემი ქართულის მასწავლებლის გამოლენჩებული სახე იყოს, დაე!
No comments:
Post a Comment