Saturday, December 8, 2012
ჩემ მიერ თარგმნილი მაია ენჯელოუს ,,ფენომენური ქალის" მანანა მათიაშვილისეული განხილვა
„ფენომენური ქალის“ ანალიზი
შესაძლებელია, რომ დედანსა და თარგმანში ბევრი სიტყვა არც კი ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ თარგმანი მაინც ადეკვატურად ჩაითვალოს!!! ასეთი თარგმანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ თავისუფალი თარგმანის სახელით მონათლულ რაღაც გაუგებარ და დაუკონკრეტებელ მოვლენასთან. რამდენადაც ეს ტერმინი დიდი ხნის წინ დამკვიდრდა, ჩვენც გამოვიყენოთ, მხოლოდ დავადგინოთ, რომ „თავისუფალ თარგმანში“ უნდა იგულისხმებოდეს დედნისეული აზრის არადედნისეული ინტერპრეტაცია. „სწორი“ („ზუსტი“, „ადეკვატური“, „სრულფასოვანი“, „ეკვივალენტური“) თარგმანი კი ვუწოდოთ დედნის აზრებისა და ინტონაციების სწორად გადმოტანას ახალ ენაზე.
აი, ამ სწორად გადმოცემის პროცესში მთარგმნელის გონებაში, მის შიდა სამზარეულოში (გნებავთ ლაბორატორიაში, რადგან ქვემოთ ქიმია უნდა ვახსენოთ) ათასნაირი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს სიტყვებს შორის, ენებს შორის., ასო-ნიშნებს შორის. ძნელად და თანდათანობით იკვეთება ორიგინალის ენასა და აზრთან ყველაზე ახლოს მდგომი შესატყვისი, სხვა ყველა შესაძლო ვარიანტი უკან იხევს და ამოატივტივებს იმ ერთ, ყველაზე სწორ და ყველაზე ადეკვატურ მიგნებას, რომელიც შემდგომ ეტაპზე განუწყვეტლივ იხვეწება, უდარდება უკუგდებულ ვარიანტებს და სრულუფლებიანობის სტატუსს იძენს მხოლოდ ათასი გადამოწმებისა და გადაკითხვის შემდეგ. მერე კვლავ გარკვეული დრო სჭირდება შერჩეული სიტყვისა თუ შესიტყვების ტექსტის საერთო ქსოვილში ჩასმას, მორგებას, მოკალათებას. დაიკავებს ნათარგმნი სიტყვა თავის ადგილს და რა ხდება მერე? - შედეგი, უმთავრესად, ორნაირია: პირველი: ან მკითხველის აღქმაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ნათარგმნი ბუნებრივად და ადეკვატურად ჟღერს ახალ ენაზე, არ არღვევს გრამატიკულ ნორმებსა და სინტაქსურ სტრუქტურებს და რომ მასში იგივე აზრია გადმოცემული, რაც დედნის ავტორმა დაწერა ან იგულისხმა. მეორე შემთხვევაში ყურს რაღაც ხვდება უხეშად, რაც ისე არ ჟღერს, როგორც დედნის მიხედვით იყო მოსალოდნელი და ეს რაღაც ითხოვს ცვლილებას, გაშალაშინებას, გაუმჯობესებას - ასე არასწორი თარგმანის დროს ხდება.
წინასწარ ვიტყვი, რომ ქვემოთ განხილული თარგმანი პირველ კატეგორიას მიეკუთვნება და, ჩემი აზრით, სწორედ ის უნდა იყოს თარგმანით დაინტერესებული მკითხველისათვის საინტერესო, თუ როგორ ხდება თარგმანში ორიგინალის მსგავსი მხატვრული ეფექტის მიღწევა, რა მეთოდებსა და საშუალებებს გამოიყენებს მთარგმნელი მიზნის მისაღწევად, რა ეშლება და რა გამოსდის შესანიშნავად.
თქვენს წინაშეა ამერიკელი მწერალი ქალის, მაია ანჯელოუს ლექსის ანი კოპალიანისეული თარგმანი. მაქსიმალური ობიექტურობისათვის განგებ არაფერს ვამბობ ორიგინალისა და თარგმანის ავტორებზე. ვეხებით მხოლოდ ტექსტს, როგორც ავტონომიურ სტრუქტურას.
დავიწყოთ სათაურიდან. ინგლისურენოვან ლექსს ჰქვია „Phenomenal Woman“. პირველი სიტყვა საერთაშორისო სიტყვების კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ დასაშვებია, რომ საჭიროების შემთხვევაში ის პირდაპირ, დედნისეული ფუძის შეუცვლელად გადმოვიდეს მეორე ენაზე. „ფენომენალური“ - იქნებოდა პირდაპირი შესატყვისი ქართულ ენაზე, რომელიც ამ ინგლისური სიტყვის გაგონებაზე ამოუტივტივდება ყველას გონებაში. თუმცა თარგმანში გვაქვს „ფენომენური“ და ამ ფორმას გრამატიკულად უფრო მეტადაც აქვს არსებობის უფლება. ამასთანავე, ეს კარგი მაგალითია იმისა, როცა მთარგმნელი ამკვიდრებს ახალ, უფრო სწორ ვერსიას უცხო სიტყვისას, მაგრამ ჩვენთვის უფრო ბუნებრივი (და მიზანმიმართულიც) იქნებოდა ამ სიტყვის გადმოსაცემად ქართული ჟღერადობის მქონე მისი ლექსიკონური მნიშვნელობების გამოყენება. ფენომენალური/ფენომენური იგივეა, რაც „არაჩვეულებრივი“, „წარმოუდგენელი“. დედანში ეს სიტყვა ორი ფორმით მონაცვლეობს: phenomenal და phenomenally. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა სათაურად გამოსულიყო „ფენომენალური“ - phenomenal (და არა ფენომენური) - თუკი გვინდოდა ორიგინალთან მაქსიმალური სიახლოვისა და უცხოობის ელფერის შენარჩუნება, ხოლო საკუთრივ ტექსტში გვეხმარა „არაჩვეულებრივი“. სიტყვას „phenomen“ ქართულ ლექსიკონში კიდევ ერთი შესატყვისი აქვს: “მოვლენა“, რაც უკეთესად ჟღერს სწორედ მოცემულ კონტექსტში: „ფენომენური/ფენომენალური ქალი“ – „ქალი-მოვლენა“, რაც მგონია, უფრო ამომწურავად გადმოსცემს ლექსში ჩადებულ იდეას და ქართველი მკითხველისთვისაც უფრო ადვილად აღსაქმელია, ვიდრე: „ქალი ვარ ფენომენურად, ფენომენური ქალი, ეს მე ვარ“, რაც ცოტა მოუხეშავად ჟღერს ქართულად.
მით უმეტეს, რომ სხვა დანარჩენ შემთხვევებში მთარგმნელი მართებულად ერიდება დედნისეული სიტყვების გადმოღებას მათი პირდაპირი ლექსიკონური მნიშვნელობებით და მეტი ბუნებრივობისა და ორგანულობისთვის განსხვავებული ლექსიკური საშუალებებით ქმნის დედნის აზრისა და ინტონაციის იდენტურ ვარიანტს ქართულ ენაზე: Where my secret lies - რაშია ჩემი ძალა; It is in - ამას ამხელს. But they can’t touch my inner mistery - მაინც მგონია, ვერ მიაკვლევენ მიზეზს ამ ჩემი ფარული ხიბლის. “შინაგანი საიდუმლო“ ქართულად „ფარულ ხიბლად“ იქცა, რაც კონტექსტის გათვალისწინებით (ქალი ლაპარაკობს თავის სილამაზეზე, რაც ერთ-ერთი მონათესავე სემანტიკური სემით „ხიბლს“ უკავშირდება) იდენტურ შესატყვისებად გამოიყურება.
დედნის სწორად გააზრების ნიმუშები თარგმანში უხვადაა და მინდა საგანგებოდ გამოვყო. ზოგჯერ ადეკვატურობის მიღწევა ითხოვს არადედნისეული, მაგრამ ლოგიკური ჩანართების გაკეთებას: მაგალითად, ლამაზი ქალის ოთახში შესვლაზე მამაკაცების რეაქციის საილუსტრაციოდ დედანში გვაქვს: The fellows stand or fall down on their knees. თარგმანში ვკითხულობთ: თავგზა ებნევათ და ფეხზე დგომა / უჭირთ და მუხლზე ეცემა ყველა / იქ მყოფი კაცი. „თავგზა ებნევათ“ დედანში არ არსებობს, როგორც ლექსიკური ერთეული, მაგრამ არსებობს განწყობილებითა და ინტონაციით და სწორედ ეს „უხილავი“ გადმოაქვს სიტყვიერად ქართველ მთარგმნელს. ეს იმდენად ზუსტი აღწერილობაა დედანში არსებული სიტუაციისა, რომ აბსოლუტურად ლოგიკურად ჯდება მთლიანი ლექსის კონტექსტში.
იმავე სტროფში, მამაკაცების მღელვარება ლამაზი ქალის გარშემო შედარებულია სკაში ფუტკრების დამოკიდებულებასთან თაფლის მიმართ. მახვილგონივრულ თარგმანში („და ნდომით სავსე მათი ბზუილი არაქათს მაცლის“) არ იკარგება კაცებისა და ფუტკრების შედარების მხატვრული სახე, მაგრამ ეს ხდება სულ სხვა საშუალებით და არა „ფუტკრების“, „სკისა“ და „თაფლის“ ხსენებით, როგორც ინგლისურ ტექსტში (Then they swarm about me / A hive of honey bees). “ბზუილს” შემოაქვს „ფუტკრის“ სემანტიკა, „ნდომა-ს“ კი სემური ანალიზით თუ მივუდგებით, მოცემულ კონტექსტში „თაფლ-თან“ მიგვიყვანს, „ქალის გარშემო ფუსფუსი“ კი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ავლენს „არაქათის გამოცლასთან“. ამგვარად, ორიგინალის არც ერთი სემანტიკური ერთეული არ იკარგება თარგმანში და იქმნება დედანზე არანაკლები მხატვრული ზემოქმედების მქონე სტრიქონები, რომელსაც ადეკვატური თარგმანის კვალიფიკაცია შეიძლება უყოყმანოდ მივანიჭოთ.
ამ ლექსის თარგმანში ინგლისურ-ქართული პოეტური მეტყველების შესაბამისობის თავისებურებებიც იკვეთება. ინგლისურ ენაში ხშირად უმარტივესი სიტყვების ერთობლიობით შესაძლებელია აზრის პოეტურად გამოხატვა, რაც ქართულ თარგმანში პირდაპირ რომ გადმოვიტანოთ, ერთგვარი სქემატურობის, პწკარედულობისა და დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას დატოვებს. ამ ფაქტის მიზეზების კვლევა შორს წაგვიყვანს, აღვნიშნავ მხოლოდ ერთ მიზეზს, რომელიც ქართული ენის ტრადიციული სიტყვაკაზმულობისაკენ მიდრეკილებაშია საძიებელი. ამ ფონზე დგება იმის პრობლემა, თუ როგორ უნდა დააღწიოს მთარგმნელმა თავი სქემატურობის საფრთხეს ინგლისურენოვანი პოეზიის გადმოქართულების დროს. გამოსავალი ანი კოპალიანმა იპოვა (არ ვიცი, რამდენად გაცნობიერებული აქვს ეს მას) მხატვრული სახეებისა და ფრაზეოლოგიზმების გამოყენებაში, თანაც ეს ხდება ფაქიზად და გადაჭარბების გარეშე. ნიმუშად ვნახოთ: Men themselves have wondered / what they see in me (ეს ზედმეტად მარტივი და ყოველდღიური მეტყველებიდან მოტანილი სიტყვათშეთანხმება პოეზიაა ინგლისურ ენაზე). ვნახოთ მისი ქართული შესატყვისი: კაცებს თავადაც ძალიან უკვირთ / თუ რისგან ეკვრით თვალებზე ლიბრი. „თვალებზე ლიბრის გადაკვრა“ სქემატურობისგან იცავს და მხატვრულობას ანიჭებს პოეტის სათქმელს ქართულ ენაზე, და რაც მთავარია, არ არღვევს დედნის აზრობრივ-ლოგიკურ ქსოვილს ეს „see“-სა და „თვალებს“ შორის წმინდა სემანტიკური კავშირითაც გამოიხატება და დასტურდება, თანაც ინგლისური ზმნა და ქართული არსებითი სახელი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფებიან.
ასეთივე აზრობრივ-ლოგიკური თარგმანია ქართულად ფრაზეოლოგიზმების დახმარებით გადმოცემული „I don’t jump about“ („თვალში რად არვის არ ვეჩხირები“), „I don’t talk real loud“ („ხმას რად არ ვუწევ“). შესანიშნავი მხატვრული გადაწყვეტაა მთარგმნელის მხრიდან „ნიავქარი ჩემი ფეხების“ (joy in my feet) და “ჩემი ქუსლების ჩქამი“ (the click of my heels). შესანიშნავად მიგნებული ამ შესატყვისების ფონზე არაადეკვატურად გამოიყურება ის სამი შემთხვევა, როცა მთარგმნელი არადედნისეული შინაარსის თავისებურ ინტერპრეტაციას იძლევა და ვერაფრით ჩაითვლება ისინი დედნის ადეკვატურ რეპროდუცირებად. წინასწარ ვიტყვი, რომ სამივე შემთხვევა იმდენად შეესაბამება ლექსის საერთო განწყობილებას და ქართულ ტექსტშიც იმდენად მოხერხებულად გამოიყურება, რომ ერთი შეხედვით, შესაძლოა, არც ღირდეს მათი საგანგებო აღნიშვნა, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ახლა თარგმანის სიზუსტეზე ვლაპარაკობთ, უმჯობესია გამოვარკვიოთ ისიც, თუ რას ქვია დედნის არასწორი ინტერპრეტაცია.
ლექსის პროტაგონისტი ცდილობს, მამაკაცებს აჩვენოს მისი ქალურობის საიდუმლო, რასაც კაცებისავე აღიარებით, ისინი მაინც ვერ ხედავენ: when I try to show them / They say they still can’t see. ქართულად “ can’t see”-ს შესატყვისად გვაქვს „ყველა შორს გარბის“(და როცა თვითონ ვცდილობ, ვაჩვენო ,/ ყველა შორს გარბის). მოცემულ კონტექსტში, ვფიქრობ, წმინდა შინაარსობრივ დონეზე განსხვავებული ფაქტებია ის, მამაკაცები რომ ვერ ხედავენ და ის, რომ გაურბიან დანახვას. აქ აქცენტი სწორედ იმაზეა, რომ მათ არ შეუძლიათ დანახვა (და არა იმაზე, რომ არ უნდათ და გაქცევით შველიან თავს).
მეორე მაგალითი: იქვე, ქალის გარეგნობის აღწერილობაში თავისი მკერდის შესახებ ქალი ამბობს: ride of my breasts. თარგმანში კი გვაქვს: „სიცხე ჩემი მკერდის შეხების“. სხვა კონტექსტში ასეთი ინტერპრეტაცია შეიძლება კარგად მიგნებულ ეკვივალენტადაც ჩათვლილიყო (რადგან „სიცხე“ აზრობრივ-ლოგიკური ჩანართი იქნებოდა, თუკი ტექსტში მკერდთან შეხება იქნებოდა ნახსენები), მაგრამ მოცემულ მონაკვეთში ქალი საკუთარ „ღირსებებს“ ჩამოთვლის და სწორედ რომ არანაირად არ გულისხმობს საკუთარ თავს სხვასთან მიმართებაში (სიტყვა “შეხება“ კი სხვასთან კავშირს გულისხმობს და ამიტომ ითვლება ის შინაარსობრივ შეუსაბამობად, არაადეკვატურ რეპროდუცირებად).
და ბოლო მაგალითი: დედანში ქალი ისევ საკუთარი თავის შესახებ ამბობს: When you see me passing / it ought to make you proud (და როცა გვერდზე ჩაგივლით, თქვენს რიდს / რად ვიწვევ უცებ). შესანიშნავად ჟღერს ქართული ტექსტი და, ერთი შეხედვით, ლოგიკურიც კი მოგეჩვენებათ ქალის მიმართ რიდისა და მოწიწების გრძნობების გაჩენა მოცემულ სიტუაციაში, თუმცა ბოლომდე თუ ჩავეძიებით და გავაანალიზებთ ამ შემთხვევას, ისევ შინაარსობრივ უზუსტობასთან მოგვიწევს შეხება. უპირველესად, აქ დაკარგულია დედნისეული მნიშვნელოვანი სახე: როცა ლამაზი ქალი ჩაუვლის მამაკაცებს, მათ უნდა იამაყონო, - ასე წერია დედანში. (ფსიქოლოგიურად რომ ჩავუღრმავდეთ ამ ნიუანსს, სიამაყის მიზეზი შეიძლება არის ქალის მიერ საკუთარი ძალის შეგრძნება, ამპარტავნებაში გადაზრდილი სიამაყე, ანუ მამაკაცებმა უნდა იამაყონ იმით, რომ ქალმა ისინი მიახლოების ღირსი გახადა). შეიძლება, რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში რიდი და პატივისცემაც გამოიწვიოს ქალმა მამაკაცებში, მაგრამ დედანში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, იქ აქცენტირებულია ქალის სიამაყე, მის მიერ საკუთარ თავზე არსებული წარმოდგენა - თარგმანში კი დაკარგულია ეს დედნისეული მოცემულობა.
სამაგიეროდ, სინონიმური კომპენსაციის შესანიშნავ ნიმუშს ვხვდებით ლექსის ბოლოში: ლექსის დასაწყისში (თარგმანში) არ ჩანს მეორე პირი, რომელსაც პროტაგონისტი მიმართავს, მაგრამ მას არ ივიწყებს და არ უგულებელყოფს მთარგმნელი და ჩვენ ამას ვხედავთ ლექსის ბოლოს, სადაც მოხერხებულად, ნეიტრალურ ვითარებაში კომპენსირებულია ზემოთ დამალული მეორე პირი. წავიკითხოთ შესაბამისი მონაკვეთი: I walk into a room / just as cool as you please (ამ ბოლო და ერთადერთი ფრაზით შემოდის ლექსში მნიშვნელოვანი მეორე პირი და ინფორმაცია, რომელიც მთავარ გმირთან სერიოზულ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს, მაშინ, როცა სწორედ ამ ფრაზაში ქალი მისით მოხიბლული სხვა მამაკაცების შესახებ ლაპარაკობს). ამ სტრიქონების უშუალო თარგმანში ლექსის დასაწყისში, მეორე პირი არ ჩანს (როდესაც ხალხში გავდივარ ხოლმე/ჩვეულებრივად მშვიდი და მკაცრი), სამაგიეროდ, ეს მნიშვნელოვანი მეორე პირი გამოჩნდება სულ სხვა ადგილას, თარგმანის ბოლოს ნაცვალსახელით შემოყვანილი (ასეა დედანშიც, მხოლოდ ლექსის დასაწყისში): „შენი სწრაფვა ჩემზე ზრუნავდე“ (the need for my care). აქ მეორე პირის ჩასმას არ დაურღვევია ორიგინალის შესაბამისი სტრიქონის იდეა და თან მოგვაწოდა ზემოთ გამოტოვებული აუცილებელი დედნისეული ინფორმაცია. შესაძლოა, ასეთი რამ მოხდეს მთარგმნელის მხრიდან გაუცნობიერებლად, შინაგანი ალღოს მიხედვით (არ ვიცი და საინტერესოა, როგორ იყო აქ ანი კოპალიანის შემთხვევაში), მთავარია, რომ აღნიშნული ხერხით ოსტატურად მოხერხდა დედნისეული აუცილებელი ინფორმაციის აღდგენა-შენარჩუნება. კარგია, თუ ამ მეთოდს მსგავსი პრობლემის წამოჭრისას მთარგმნელები შეგნებულად და გაცნობიერებულად გამოიყენებენ.
ზოგადად, თარგმანში ყოველთვის ჩნდება არადედნისეული ჩანართიც და კლებაც. აქ ბეწვის ხიდზე სიარულია საჭირო მთარგმნელის მხრიდან, რადგან ეს უნდა მოხდეს დედნის იდეის დაუმახინჯებლად და შინაარსობრივი ინფორმაციის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ასე, მაგალითად, ლექსის ბოლო პასაჟში ნახსენები Palm of my hand ქართულად თარგმნილია, როგორც „ჩემი ხელის სუსტი მტევანი“. სიტყვა „სუსტი“ დედანში არ გვაქვს, მაგრამ ის აბსოლუტურად ლოგიკური ჩანართის სახეს იღებს მოცემული კონტექსტისათვის, სადაც ლამაზი ქალის ძლიერ მხარეებზეა ლაპარაკი (ანუ, მისი სიძლიერე ხელის სუსტ მტევანშიც ჩანს). დედანში არც „ხელის მტევანი“ არის ნახსენები, იქ “ხელისგული” (palm) უწერია პოეტს, მაგრამ არ უნდა ჩაითვალოს ეს თარგმანში არადედნისეული ინფორმაციის არსებობად, რამდენადაც ხელის მტევანი მოიცავს ხელის გულს, ამ შემთხვევაში მთარგმნელმა ორიგინალის ლექსიკურ ერთეულთან ფაქტობრივ-შინაარსობრივად დაკავშირებული მნიშვნელობა აირჩია. ასე ვთქვათ, ხელის მტევანს სხვადასხვა რაკურსით შეხედეს ლექსის ავტორმა და მთარგმნელმა, მაგრამ ორივემ შეხედა ხელს. სამაგიეროდ, სხვა შემთხვევაში სწორედ ფაქტობრივად და შინაარსობრივად არაადეკვატურად გამოიყურება სიტყვა „განძრევის“ გამოყენება იქ, სადაც დედანში გვაქვს ტუჩის მოხაზულობა („the curl of my lips“ – „ჩემი ბაგის ყველა განძრევა“). ამ სიტყვას დამატებითი ვულგარული კონოტაცია შემოაქვს, რაც არ შეესაბამება დედნის მოცემული მონაკვეთის ინტონაციებს (თუნდაც, დახვეწილი ეროტიულობის ელფერით ოდნავ შეფერადებულს).
ლექსის თარგმნის დროს იკვეთება ხოლმე, ასე ვთქვათ, უწყინარი ხასიათის უზუსტობათა წყება, რომელიც თუმცა არ მოქმედებს ლექსის საერთო კონცეფციის დარღვევაზე, მაგრამ მაინც არ არის ის, რაც დედანში წერია. ამ კატეგორიის შეცდომების გასწორება ერთი ხელის მოსმით შეუძლია ყველა მთარგმნელს. ასე, მაგალითად, მინიმალური საგნობრივი ხარისხის უზუსტობაა გაპარული ჩვენს საანალიზო ლექსშიც, სადაც მარტივად სათარგმნი „sun of my smile“-ის ნაცვლად ვკითხულობთ “ათინათი ჩემი თვალების“. თარგმანში თვალების ნაცვლად გვაქვს „ღიმილი“.
ასეთივე მექანიკური შეცდომების რიგს უნდა მივაკუთვნოთ შემდეგი მაგალითიც, სადაც სხვადასხვა შინაარსის მატარებელია „the bend of my hair“ და „ჩემი თმების მბზინავი ბადე“. თმის ბადე ნივთია, თმის სამაგრია, დედანში კი უშუალოდ თმაზეა ლაპარაკი და არა მის სამშვენისებზე. bend of hair შეგვიძლია გადმოვიტანოთ, როგორც „თმის ხვეული“, „შეკრული თმა“ ანდა კიდევ სხვა ვერსიის მოფიქრება გახდება საჭირო. (ეს შემთხვევა მიუთითებს თარგმნის დროს ხშირად წამოჭრილ ერთ პრობლემაზე, რომელსაც ქართულ ენაში საგნების სახელთა დეფიციტი შეიძლება ვუწოდოთ).
ასეთივე ლექსიკური შეუსაბამობის კვალიფიკაცია მიეცემა დედნისეული „ოთახის“ ნაცვლად „ხალხის“ ხსენებას: „I walk into a room“ ნათარგმნია, როგორც „როდესაც ხალხში გავდივარ ხოლმე“. ეს სწორედ შინაარსობრივ-ფაქტობრივი ხასიათის უზუსტობაა, რამდენადაც მოქმედების ლოკალი სხვადასხვა გამოდის დედანსა და თარგმანში. თარგმანში გაფართოებულია სამოქმედო სივრცე, დედანში კი დავიწროებულია, და არის კიდევ ერთი ცვლილებაც: ხალხში გასვლა შიგნიდან გარეთ მიმართულებას გულისხმობს, დედანში კი, პირიქით, ოთახში შესვლა მიმართულებაა გარედან შიგნით (რა თქმა უნდა, ხალხი ოთახშიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ორი ფრაზა აშკარად ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობისა: ხალხში გასვლა vc ოთახში შესვლა). ასეთივე ლექსიკური ხასიათის უზუსტობაა telling lies-ს შესატყვისად „ბოდვის“ გამოყენება, რადგან სიტყვა „ბოდვა“ შინაარსობრივად და ლექსიკურად არანაირ სემანტიკურ კავშირში არ იმყოფება „მოტყუებასთან“. როდესაც არ არსებობს დედნისეული მოქმედების, სიტუაციის, მოვლენის ან საგნის პირდაპირი შესატყვისი თარგმანის ენაში, მაშინ სინონიმური კომპენსაცია და დესკრიფციული მეთოდი აუცილებელი გამოსავალია, მაგრამ „ტყუილის თქმა“ არსებობს ქართულში, თანაც რამდენიმე ფორმით (ვტყუი, ტყუილს ვამბობ, ვიტყუები...), რომელთაგან სასურველი და ყველაზე მოქნილი ვარიანტის შერჩევა მეტისმეტად იოლი საქმეა ანი კოპალიანის მსგავსი მოაზროვნე მთარგმნელისათვის.
იგივე შეიძლება ითქვას ლექსის ამავე სტრიქონში თარგმანისეული „ეჭვი აქვთ“ შესახებ, რომელიც they think-ის შესატყვისადაა ნახმარი. ვფიქრობ, აქ არ იყო საჭირო დამატებით ეჭვის კონოტაციის შემოტანა, რამდენადაც თვითონ ლექსის ავტორს ნეიტრალური „ფიქრი“ (think) შეურჩევია. „ეჭვი“ უკვე გარკვეულ ტენდენციურობაზე მიანიშნებს, რასაც მოცემული კონტექსტი არ გულისხმობდა.
ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია მოაზროვნე მთარგმნელი. შეიძლება, სულაც ახალი ცნებაც გავაჩინოთ ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში - Traduttore Sapiens, რადგან ასეთები ძალიან ბევრი გვჭირდება დღეს, უზარმაზარი ინფორმაციის წამლეკავ სამყაროში. გვჭირდება მთარგმნელები, რომლებიც შექმნიან სისტემურად გააზრებულ დედნისეულ სტრუქტურებს. რა თქმა უნდა, ყველა თარგმანში აღმოჩნდება გარკვეული შეცდომები, მაგრამ კარგად ნათარგმნი ტექსტის მთლიანობაში უნდა იგრძნობოდეს მთარგმნელი-მოაზროვნე, რომელიც ჩაძირულია ტექსტში და ცდილობს, მაქსიმალურად გადმოიტანოს ახალ ენაზე ის, რაც ენის ქვეშ ძევს და ზოგს უთარგმნელად მიაჩნია.
ამიტომ, ვიყოთ რეალისტები და ვთარგმნოთ უთარგმნელი!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მშვენიერი ანალიზია.
ReplyDelete