Saturday, September 26, 2015

უილიამ ფოლკნერი

დროშები მტვერში

...ბაიარდ სარტორისმა ფეხები  ჩუსტებში წაჰყო. _ ტოდის ჭიქა მომიტანე, საიმონ. _ შემდეგ კი არხეინი ტონით მამიდამისს მიუტრიალდა: საიმონმა თქვა, შუადღის მატარებელს ბაიარდი ჩამოჰყვაო. _ მაგრამ მისს ჯენი კვლავ საიმონს ესხმოდა თავს.
_ აქ მოდი, ჩექმები აიღე და ღუმელთან დადე გასაშრობად, _უბრძანა მას. საიმონი შემობრუნდა, გვერდულად სწრაფად მიუახლოვდა ღუმელს და ჩექმები წამოკრიფა. _ და ეს ძაღლები აქედან მოაშორე! _ თქვა მისს ჯენიმ, _ კიდევ კარგი, ბაიარდს ჯერჯერობით თავისი ცხენი არ შემოჰყავს სახლში. _ იმავე წამს ბებერი ძაღლი ზეზე წამოიმართა და უფრო ახალგაზრდაც გაუბედავი სიმკვირცხლით გაჰყვა მას უკან, იმავე თვალთმაქცური სიდინჯით გაიძურწა, როგორითაც ბაიარდ სარტორისი და საიმონი ემორჩილებოდნენ მისს ჯენის უდრეკ ნებას.
_ საიმონმა თქვა. . . _ კვლავ წამოიწყო ბაიარდმა.
_ სისულელე თქვა მაგ საიმონმა, _ მოუჭრა მისს ჯენიმ. _ სამოცი წელია საიმონის გვერდით ცხოვრობ და როგორ ვერ ისწავლე, რომ ამისი არაფერი დაიჯერება?! _ და იგი ოთახიდან გაჰყვა მეეტლეს და სამზარეულოში, სანამ საიმონის მაღალი მოყვითანო ქალიშვილი ბისკვიტისაკენ გადახრილიყო, ხოლო საიმონი მინის ტოლჩაში სუფთა წყალსა და დაჭრილ ლიმონს აზავებდა და მერე ამ ნაზავს, საშაქრესა და ორ მაღალ ჭიქას სინზე აწყობდა, მისს ჯენი ზღრუბლთან იდგა და იმას, რაც საიმონის გაჭაღარავებული თმისაგან დარჩენილიყო, კიდევ უფრო აზამბარებდა. სიტყვისათვის ჯიბეში ხელს ისედაც არასოდეს ჩაიყოფდა, მაგრამ როდესაც მრისხანება შემოაწვებოდა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დანავარდობდა ხოლმე გრანდიოზულ სიმაღლეებში. მას ეკუთვნოდა ის ძლევამოსილი სიცხადე და ფერადოვანი უბრალოება, რომელიც დემოსთენესაც შეშურდებოდა, რომელსაც თვით ჯორიც კი ჩასწვდებოდა და რომელიც ყველაზე გონებაჩლუნგ ადამიანზედაც კი უცებ მოახდენდა შთაბეჭდილებას; და ამ მჭევრმეტყველების ნაკადქვეშ მოქცეული საიმონის თავი ნელ-ნელა უფრო და უფრო იდრიკებოდა და ჩვეული განსმდგომის სიამაყე და თავდაჯერება ბუმბულივით სცვიოდა მის უმწეო არსებას, სანამ სინს ხელი არ წამოავლო და ოთახიდან არ გაძუნძულდა. მისს ჯენის ხმა, გამალებითა და დაუზარელად რომ აფრქვევდა საიმონის, ელნორასა და ყველა მათი შთამომავლისათვის განკუთვნილ შეგონებებს, გაფრთხილებებსა და სამომავლო რჩევებს, რომლებიც აქტუალურობასა და პრობლემურობას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შეინარჩუნებდნენ, ბოლომდე მიაცილებდა მას.
_ და შემდეგისათვის, _ დაასრულა მისს ჯენიმ, _ შენ ან ვიღაც რკინიგზის მუშა ანდა ვინმე კონდუქტორი თუ შიკრიკი ბიჭი რამე ისეთს დაინახავთ ან გაიგონებთ, რაც, შენი აზრით, პოლკოვნიკს დააინტერესებს, ჯერ მე მითხარი ხოლმე: და მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ.” მან, გული რომ დაეჯერებინა, კიდევ ერთხელ გადაუბრიალა თვალები ელნორას და ბიბლიოთეკაში დაბრუნდა, სადაც მისი ძმისწული ფრთხილად ურევდა შაქრიანსა და წყლიან ჭიქებს.