Saturday, September 26, 2015

უილიამ ფოლკნერი

დროშები მტვერში

...ბაიარდ სარტორისმა ფეხები  ჩუსტებში წაჰყო. _ ტოდის ჭიქა მომიტანე, საიმონ. _ შემდეგ კი არხეინი ტონით მამიდამისს მიუტრიალდა: საიმონმა თქვა, შუადღის მატარებელს ბაიარდი ჩამოჰყვაო. _ მაგრამ მისს ჯენი კვლავ საიმონს ესხმოდა თავს.
_ აქ მოდი, ჩექმები აიღე და ღუმელთან დადე გასაშრობად, _უბრძანა მას. საიმონი შემობრუნდა, გვერდულად სწრაფად მიუახლოვდა ღუმელს და ჩექმები წამოკრიფა. _ და ეს ძაღლები აქედან მოაშორე! _ თქვა მისს ჯენიმ, _ კიდევ კარგი, ბაიარდს ჯერჯერობით თავისი ცხენი არ შემოჰყავს სახლში. _ იმავე წამს ბებერი ძაღლი ზეზე წამოიმართა და უფრო ახალგაზრდაც გაუბედავი სიმკვირცხლით გაჰყვა მას უკან, იმავე თვალთმაქცური სიდინჯით გაიძურწა, როგორითაც ბაიარდ სარტორისი და საიმონი ემორჩილებოდნენ მისს ჯენის უდრეკ ნებას.
_ საიმონმა თქვა. . . _ კვლავ წამოიწყო ბაიარდმა.
_ სისულელე თქვა მაგ საიმონმა, _ მოუჭრა მისს ჯენიმ. _ სამოცი წელია საიმონის გვერდით ცხოვრობ და როგორ ვერ ისწავლე, რომ ამისი არაფერი დაიჯერება?! _ და იგი ოთახიდან გაჰყვა მეეტლეს და სამზარეულოში, სანამ საიმონის მაღალი მოყვითანო ქალიშვილი ბისკვიტისაკენ გადახრილიყო, ხოლო საიმონი მინის ტოლჩაში სუფთა წყალსა და დაჭრილ ლიმონს აზავებდა და მერე ამ ნაზავს, საშაქრესა და ორ მაღალ ჭიქას სინზე აწყობდა, მისს ჯენი ზღრუბლთან იდგა და იმას, რაც საიმონის გაჭაღარავებული თმისაგან დარჩენილიყო, კიდევ უფრო აზამბარებდა. სიტყვისათვის ჯიბეში ხელს ისედაც არასოდეს ჩაიყოფდა, მაგრამ როდესაც მრისხანება შემოაწვებოდა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დანავარდობდა ხოლმე გრანდიოზულ სიმაღლეებში. მას ეკუთვნოდა ის ძლევამოსილი სიცხადე და ფერადოვანი უბრალოება, რომელიც დემოსთენესაც შეშურდებოდა, რომელსაც თვით ჯორიც კი ჩასწვდებოდა და რომელიც ყველაზე გონებაჩლუნგ ადამიანზედაც კი უცებ მოახდენდა შთაბეჭდილებას; და ამ მჭევრმეტყველების ნაკადქვეშ მოქცეული საიმონის თავი ნელ-ნელა უფრო და უფრო იდრიკებოდა და ჩვეული განსმდგომის სიამაყე და თავდაჯერება ბუმბულივით სცვიოდა მის უმწეო არსებას, სანამ სინს ხელი არ წამოავლო და ოთახიდან არ გაძუნძულდა. მისს ჯენის ხმა, გამალებითა და დაუზარელად რომ აფრქვევდა საიმონის, ელნორასა და ყველა მათი შთამომავლისათვის განკუთვნილ შეგონებებს, გაფრთხილებებსა და სამომავლო რჩევებს, რომლებიც აქტუალურობასა და პრობლემურობას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შეინარჩუნებდნენ, ბოლომდე მიაცილებდა მას.
_ და შემდეგისათვის, _ დაასრულა მისს ჯენიმ, _ შენ ან ვიღაც რკინიგზის მუშა ანდა ვინმე კონდუქტორი თუ შიკრიკი ბიჭი რამე ისეთს დაინახავთ ან გაიგონებთ, რაც, შენი აზრით, პოლკოვნიკს დააინტერესებს, ჯერ მე მითხარი ხოლმე: და მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ.” მან, გული რომ დაეჯერებინა, კიდევ ერთხელ გადაუბრიალა თვალები ელნორას და ბიბლიოთეკაში დაბრუნდა, სადაც მისი ძმისწული ფრთხილად ურევდა შაქრიანსა და წყლიან ჭიქებს.

Tuesday, June 9, 2015

ვარგიტასი და ძალიან, ძალიან ცუდი გოგო


ჩვენ, ესპანურენოვანი ლიტერატურის პერსონაჟ გოგონებს, ბოლო ორი საუკუნეა ერთი წინაპარი გვყავს. არადა, ეს გოგო ფრანგულ ენაზე დაიბადა და ეროვნებითაც ბოშა იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  დღემდე ესპანელებისა და ლათინოების ცხელსისხლიანობის სტერეოტიპის აფრიალებული დროშაა და მისი მოდიფიკაცია ესპანურენოვანი მწერლისთვის თითქოს სავალდებულოც კია. რატომ ოცნებობს ყველა მამაკაცი ქალზე, რომელიც მას თავბრუს დაახვევს, გამოიყენებს, უღალატებს და გულს ატკენს, რა არის კარმენში მათთვის ასეთი მიმზიდველი, ვერ გეტყვით. ალბათ, მაზოხისტები არიან.
ეს ამბავიც ერთ მაზოხისტსა და ერთ სადისტზეა, მაგრამ სანამ მაზოხისტი გახდებოდა, ეგ ბიჭი ჩემი ვარგიტასი იყო.
ვისაც საყვარლის საფლავი გიძებნიათ და ვერ გიპოვიათ, რამეთუ დაკარგულიყო, თქვენ იცით, ტანჯვა რა არის...
ვისაც მატყუარა გიძებნიათ, რადგან თქვენს პირმშოს ეძინებოდა, გაჰყვიროდა და ტირილით თვალებს ითხრიდა და ვერ გიპოვნიათ, თქვენც იცით, ტანჯვა რა არის...
მაგრამ უფრო დიდი სატანჯველიც არსებობს, როცა მერვეკლასელი წიგნის ჭია ხართ და ბებიის წიგნის კარადაში ნაპოვნ 1985 წლის ,,საუნჯის" ერთ-ერთ ნომერში სასწაული, სუნთქვისშემკვრელი რომანის შუა ნაწილს წაიკითხავთ და ვერსად იპოვით მის დასაწყისსა და დასასრულს.
იმ პერიოდიდან მოყოლებული 2000-იანების პირველი წლების ჩათვლით ქალაქის ბიბლიოთეკებში ერთი გოგო შეიძურწებოდა ხოლმე და კითხულობდა, მარიო ვარგას ლიოსას ,,დეიდა ხულია" თუ გაქვთო, აჰ, არაო, არც გაგიგონიათო, კარგი, ბოდიშიო და გამოიძურწებოდა უკან.
ბოლოს გოგომ ერთი ბიჭი გაიცნო, რომელმაც დაიტრაბახა, სარდაფში ,,საუნჯის" ყველა ნომერი მიწყვიაო. ჰოდა, გოგო თუმცა ზოგადად ძალიან მოუხერხებელი იყო, ბიჭი კი მეტად უჟმური, მაინც მოხდა ისე, რომ მან სარდაფიდან ,,დეიდა ხულიას" დასაწყისი და დასასრული ამოიტანა.
ალბათ, ვარგიტასი არ ყოფილა ისეთი ბედნიერი, როცა პირველად დეიდა ხულიას აკოცა, როგორიც მე ვიყავი, როცა ბოლობოლო ეს რომანი თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ამ მომენტს მარიო ვარგას ლიოსა მოგვიანებით ასე აღწერს:
,,სულ იმეორებდა, რომ როგორც კი კარგ გასამრჯელოს აიღებდა, პერუში სამოგზაუროდ წავიდოდა. კუსკოსა და მაჩუ-პიქჩუზე უფრო ლიმური უბნის, მირაფლორესის, ნახვა უნდოდა, რომლის შესახებაც ამდენს ვუამბობდი."
მერე ,,ხულია დეიდა" წიგნად გამოვიდა, მაშინვე ვიყიდე და თაროზე შემოვდე, აღარ წამიკითხავს, რადგან ერთ მდინარეში ორჯერ ვეღარ შედიან.
ვეღარ შედიან, მაგრამ ,,ცუდი გოგოს ოინების" გამოცემის ამბავი რომ გავიგე, მაინც ავცმუკდი. ამჯერად ქალაქის ყველა მაღაზიაში შევდიოდი და თუმცა იგი ჯერ არ მიეღოთ, აღარ ავღელვებულვარ, ახლა უკვე ვიცი, რომ ყველაფერი მოთმინების ამბავია. ,,წიგნის ფესტივალიდან" წამოვაყოლე ხელს, ალბათ, ოც სხვა წიგნთან ერთად და მაინც იმ ოცთაგან ის გახდა პირველი, რომელმაც ჩემს თავსასთუმალთან დაიკავა ადგილი და ირაკლის მიერ ფურცლების ამოხევის პირველი პატივიც მან ირგუნა.
და როგორც რიკარდოსთვის იყო ყოველ შეხვედრისას, ცხოვრების ყველა ეტაპზე, ძველებურად საყვარელი ჩილელი გოგო, ისეთივე აღმოჩნდა ჩემთვის მარიო ვარგას ლიოსა.
ამ რომანში ვარგიტასი უკვე დიდი ბიჭია, მირაფლორესიდან პარიზში აღმოჩნდება, სადაც ოცნებას ისრულებს, სხვენში ცხოვრობს და ნახევრად შიმშილობს.
რომანის სიუჟეტი რაღაცით მოგვაგონებს ცნობილ ესპანურ ფილმს ,,სიყვარული სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისათვის": მთავარი გმირი მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე ხვდება და კარგავს თავისი ცხოვრების ქალს, ყოველი ხელახალი შეხვედრისას კი ის ქალი სრულიად განსხვავებულია და ბოლობოლო მაინც იგივე: პატივმოყვარე, ხარბი და გაუწონასწორებელი. ბოლოს ყოველთვის რჩება გოგონად, რომელიც ბავშვობაში შიმშილობდა.
გოგონებს, რომლებიც ბავშვობაში შიმშილობდნენ, მილიონობით წარმოშობდა პერუ მაშინაც და ახლაც. ამ რომანით მარიო ვარგას ლიოსა სინდისს იწმენდს სამშობლოს წინაშე, რომელსაც გაექცა. რომელიც ღატაკი და უბედური იყო და აღარაფერი ეშველებოდა. მან მიატოვა ღარიბი სამშობლო,სანაცვლოდ  კი სიღარიბის გამო ათჯერ მიატოვა საყვარელმა ქალმა. ამ ქალსაც ჭირივით სძულს პერუ, რომელმაც მთელი ცხოვრება მოუწამლა, ყველა და ყველაფერი იქნება: ჩილელი გოგო, კუბელი რევოლუციონერის საყვარელი, ფრანგი დიპლომატის ცოლი თუ იაკუძას შეფის სათამაშო, ოღონდ პერუელი ღატაკი ოტილიტა აღარ იყოს.
ეს წიგნი რომ ჩემთვის არის შექმნილი, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში ბევრს ლაპარაკობენ თარგმანზე. აი, რას ამბობს ჩვენზე ჩვენი ძმობილი თოლმაჩი (რაც, თურმე, სინქრონულ მთარგმნელს ნიშნავს) სოლომონ ტოლედანო:
,,თუ უცაბედად ვიგრძენით, რომ ვკვდებით და საკუთარ თავს შევეკითხებით: რა კვალი დავტოვეთ ამ საძაღლეთში? ღირსეული პასუხი იქნება: არავითარი, არაფერი გაგვიკეთებია, მხოლოდ სხვების ნაცვლად ვლაპარაკობდით".
აი, რას ამბობს იგი მხატვრულ თარგმანზე:
,, ლიტერატურული მთარგმნელი მწერლობის ასპირანტია, ასე ვთქვათ, თითქმის ყოველთვის _ შეუმდგარი მწერალი...არ უარყო შენი _ უჩინარი კაბალიეროს _ მდგომარეობა, თუ, რა თქმა უნდა, მათხოვრად არ გინდა იქცე".
მთარგმნელების გახსენებაზე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ლანა კალანდიას მშვენიერი თარგმანი. თუმცა ესპანურის ინჩიბინჩი არ გამეგება (ხომ არ მესწავლა?), ის და ,,დეიდა ხულიას" მთარგმნელი, ამირან გაბისკირია, იმდენად ერთნაირ ენობრივსა და სტილურ ქსოვილს ქმნიან, ადვილი მისახვედრია, რომ ორივემ შეძლო ლიოსას ტყავში შემძვრალიყო და გაუჩინარებულიყო.
ერთი კია, ამ ნაწარმოებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ რთულია საქმეა ქართულ ენაზე ეროტიკული პასაჟების თარგმნა, შესაბამისი ლექსიკა ჯერაც არ შემუშავებულა (მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად გვჭირდება იგი მთარგმნელებს), და რასაც ვიყენებთ, მეტ-ნაკლებად ხელოვნურად ჟღერს.
ეროტიკაზე გამახსენდა, ეცადეთ ეს წიგნი ბავშვს ხელში არ ჩაუვარდეს, ყოველ შემთხვევაში, ისეთს, უკვე კითხვა რომ იცის. სწორედ ამ მიზეზით არ მოხვდა ეს ბლოგიც ჩემი საყვარელი ,,მასწავლებლის" გვერდზე.
2010 წელს მარიო ვარგას ლიოსა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა და მის მიმართ ინტერესი გაასმაგდა, მათ შორის, ქართულ საზოგადოებაშიც. მაიკო კუდავამ მითხრა, რომ ,,ცუდი გოგოს ოინები" წიგნის ფესტივალზე ,,ინტელექტის" სრულუფლებიანი ბესტსელერი გახდა.
მე კარგი გოგო ვარ, მე დიდი ხნით ადრე მიყვარდი, ვარგიტას...