Thursday, October 20, 2011

,,სუფრისწადგმობანა" (ნაწილი პირველი)

  ჩემი ლეჩხუმელი ნათესავის, სოფო მამიდას, შვილები პატარები იყვნენ, როცა ერთ წელიწადში სოფოს ჯერ ძმა გარდაეცვალა, მერე _ მამა. ჰოდა, ნათესავები ამბობდნენ, სოფოს ბავშვები დაჭერობანასა და დამალობანას მაგივრად ,,სუფრისწადგმობანას" თამაშობენო.
  ერთი შეხედვით, ხელის გახსნა და მისი შემადგენელი ნაწილი, სუფრის წადგმა, მართლა ჰგავს თამაშს.
  რიტუალი აშკარად ძალიან ძველი უნდა იყოს, მეტი იდუმალებით რომ შევბუროთ ეს ამბავი, მოდი, ვთქვათ, რომ წარმართობისდროინდელია და მერე შეემატა ქრისტიანული ელემენტები _ თან ასე კარგად მოვერგებით შაბლონს ქართული წეს-ადათების შესახებ.
  მოკლედ, ენერგიულად და საქმიანად შევუდგეთ საქმეს, თუ არ შეგაცბუნებთ ის, რომ ხელის გახსნის რიტუალისათვის სახლში აუცილებლად უნდა გყავდეთ. . . მიცვალებული და თანაც სისხლით ნათესავი.
  ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალებისთანავე, ლეჩხუმში, (ისევე, როგორც ალბათ ყველგან მთელს საქართველოში), მკაცრად აღიკვეთენ ხორცის ჭამას და მხოლოდ მას შემდეგ აძლევენ თავს ამის უფლებას, რაც მკვდარს ,,ხელს გაუხსნიან".
  (კონკრეტულად რას ნიშნავს ტერმინი ,,ხელის გახსნა" არ ვიცი, ორმოცისთვის რომ ჩავალ ლეჩხუმში, ბაბუას ვკითხავ).
  ხელის გახსნა უნდა მოხდეს გასვენების შემდეგ ორმოცამდე _ ამ ბოლო დროს არჩევენ, რომ მიცვალებულის დაკრძალვისთანავე. თუმცა, მახსოვს შემთხვევები, როცა ახალგაზრდა კაცის მწუხარებისაგან კრიჭაშეკრული ჭირისუფალი ზედ ორმოცის წინ ასრულებდა ამ უცნაურ ტრადიციას.
  სუფრაზე, სხვა საჭმელებთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ყველა  საკვები ღირებულების მქონე  ხორცის სახეობა: საქონლის (ძირითადად, კერძის სახით), ბატკნის (წმინდა ცხოველია), ღორის (თუმცა ე.წ. ,,ღორის გრიპის" შემდეგ ყველა ლეჩხუმური ღრუტუნა ,,ძმათა სასაფლაოებზე" განისვენებს), ბატის და იხვის (ესენი ხომ სხვადასხვაა?) და ქათმის ( ყველა სახეობა ერთი ან სამი უნდა იყოს, გასაგები მიზეზის გამო, ქათამი ერთადერთი ხორცეული, რომელიც გასამებული შეიძლება ვიხილოთ ამ სუფრაზე). ასევე აუცილებელია ღვინო, სულის პურები (უფრო სწორად, სულის ხაჭაპურები) თითოეულ მათგანზე _ თაფლის სანთლით.
  ახლაღა გავაცნობიერე ჩემი კბილებისკაწკაწი, მალე მორჩეს რიტუალი, რომ ღვინოში დამბალი ეს სულის ხაჭაპური ჩავკბიჩო.
  სუფრა, თავისი დანა-ჩანგალ-ჭიქა-საინით, ბოლომდეა გაწყობილი, სუფრის თავში მიცვალებულის თეფშია, ადრე მის სკამზე გადიდებულ სურათსაც დგამდნენ (ერთხელ, ამ რიტუალის დროს, ჩემმა ბიძაშვილმა მარიკამ, რატომღაც ოჯახის წყრომა რომ დაიმსახურა, გაწიწმატებულმა აღნიშნა _ ჩემს დატუქსვას გირჩევნიათ, სონიას [ჩემი დიდი ბებია იყო ცხონებული] მიხედეთ, სკამიდან არ გადმოგივარდეთო) _ რიტუალის შემდეგ მიცვალებულის თეფშიდან ჭამა დიდი პატივია _ მე ძალიან მეამაყება, ყოველ შემთხვევაში.